MERAKI-ს შესახებ
ბრენდი, სადაც სტილი, სიფერადე და დამოკიდებულება ერთიანდება
„მერაკი“ არის სიყვარულით დაწყებული და სიყვარულით აშენებული ქართული ბრენდი, რომლისთვისაც პროდუქტი მხოლოდ ნივთი არ არის. ის არის ხარისხი, ზრუნვა, ემოცია, მომხმარებელთან სიახლოვე და სურვილი, რომ თითოეულმა ადამიანმა საკუთარ სტილში საკუთარი თავი იპოვოს.
ბრენდის კონცეფცია
„დღესდღეობით, ის, თუ რა გაცვია, ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ სტილი. ადამიანებისთვის ეს ხშირად ღირებულებებისა და იდენტობის განმსაზღვრელია და ძალიან ბევრს ამბობს იმაზე, თუ როგორი ხარ“, სწორედ ამ კონცეფციაზე დაყრდნობით შეიქმნა ქართული ბრენდი „მერაკი“.
„მერაკი“ წარმოადგენს ხელნაკეთი ჩანთების, ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების მაღაზიას, რომელშიც თითოეული პროდუქტი სიყვარულითაა დამზადებული.
როგორ გაჩნდა იდეა
„მერაკი“ არის შინ, მთელი გულით დაწყებული საქმე. 21 წლის ვიყავი, როდესაც პირველად, მე და ბებიაჩემმა ჩანთები ხელით შევკერეთ. ბავშვობიდან მინდოდა, რაღაც ისეთი გამეკეთებინა და შემექმნა, რასაც თავად ჩავიცვამდი ან ვატარებდი.
სიმართლე გითხრათ, მაშინ, როდესაც პირველ პროდუქტებს ვქმნიდით, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ 4 წლის შემდეგ აქ ვიქნებოდი და მთელ ჩემს ენერგიასა და რესურსს MERAKI-ის განვითარებაში ჩავდებდი.
MERAKI-იმ პირველი ნაბიჯები მაშინ გადადგა, როცა ქართულ ბაზარზე ადგილობრივი წარმოების ბრენდების რაოდენობა და მათ მიმართ ინტერესი არც ისე დიდი იყო. თუმცა, აღმოჩნდა, რომ მაშინ ზუსტად გამოვიცანით რა სურდათ მომხმარებლებს და 8 თვეში უკვე პირველი მაღაზიის გახსნის რესურსიც გვქონდა.
ძირითადი ღირებულება
მსურდა შემექმნა ისეთი კომპანია, რომლის მომხმარებელიც სიამოვნებით ვიქნებოდი, ვგულისხმობ ხარისხს, მომსახურებას, სტილსა და მთლიან კონცეფციას.
არ მინდოდა MERAKI ყოფილიყო ბრენდი, რომელიც მოსწონთ, სურთ, მაგრამ ვერ ყიდულობენ. ამიტომ, წლის განმავლობაში უამრავ კამპანიას ვგეგმავთ იმისთვის, რომ მომხმარებელმა რაც შეიძლება კომფორტულად იგრძნოს თავი და ხვდებოდეს, რომ მათზე ზრუნავენ.
ყველაზე დიდი წარმატება
MERAKI-ის ერთ-ერთ ყველაზე გარდამტეხ ეტაპად ჩვენი პირველი 50%-იანი ქეშბექ-აქცია იქცა. დილის 9 საათიდან საღამოს 8 საათამდე, ვიდრე მაღაზია არ დაიკეტა, მომხმარებლების რიგი არ შეწყვეტილა.
ყველაზე მეტად ჩვენს გუნდს ის ახარებს, რომ ყოველი მომდევნო ქეშბექ-აქცია წინაზე უფრო მასშტაბური და წარმატებულია. ის, რომ უამრავი ერთგული მომხმარებელი გვყავს, არის ჩვენი კომპანიის ყველაზე დიდი წარმატება და მიღწევა.
მომხმარებლები და დამოკიდებულება
მომხმარებლების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება გვაქვს. წლების განმავლობაში ბევრი მეგობარი შევიძინეთ, ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანით და უამრავი ისტორია დავაგროვეთ.
მიხარია, რომ ეს დამოკიდებულება ორმხრივია. ქეშბექ-აქციებზე თბილი სიტყვებით გვაძლიერებენ, დაბადების დღეზე ტორტით მოდიან, ერთხელ კი მომხმარებელმა ჩვენს თანამშრომელს, რომელსაც თავი სტკიოდა, ტკივილგამაყუჩებელი და წყალი მოუტანა.
ასეთ დროს ყველაზე მეტად ვგრძნობთ, რომ ჩვენი კომპანია არ არის უბრალოდ ბიზნესი და ტანსაცმელი. მის უკან დგას იდეა, რომელსაც ადამიანები ხედავენ და საკუთარადაც იღებენ. ალბათ, რამდენი მომხმარებელიც გვყავს, ყველას სხვადასხვანაირად ესმის ეს იდეა, თუმცა მგონია, რომ ყველას ერთი ასოციაცია აერთიანებს: „მერაკი“ სიფერადესთან და პოზიტიურ ემოციებთან ასოცირდება.
რამდენიმე წლის წინ მივხვდი, რომ ჩვენს პროდუქტს ყველაზე კარგად სწორედ ჩვენი მომხმარებლები ატარებენ. მას შემდეგ არცერთ გადაღებას არ ჩაუვლია მათი მონაწილეობის გარეშე. მომხმარებლები მაღაზიაში შემოდიან როგორც უცნობები და გადიან, როგორც ჩვენი მეგობრები. ეს ჩემი საყვარელი მომენტია „მერაკის“ ისტორიებიდან.
გუნდი
„მერაკის“ უკან დგანან ადამიანები, რომლებსაც ძალიან უყვართ ეს ბრენდი. ვაკანსიებს სპეციალურად განკუთვნილ საიტებზე არასდროს ვდებდით, არამედ ვაქვეყნებდით სოციალურ გვერდებზე, ისევ და ისევ ჩვენს სოციუმში.
შესაბამისად, გვეხმიანებოდნენ ადამიანები, რომლებიც უკვე იცნობდნენ ბრენდს, სურდათ ჩვენს გუნდში მუშაობა და ჩვენი ბრენდის განვითარება. ვფიქრობ, კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თანამშრომლებს ის მართლა უყვარდეთ და მოსწონდეთ.
ვამაყობ, რომ „მერაკის“ გუნდი სწორედ ასეთი ადამიანებისგან შედგება, ადამიანებისგან, რომლებიც ისეთივე აღფრთოვანებულები არიან იმ პროდუქციით, რომელსაც ქმნიან და ყიდიან, როგორც ჩვენი მომხმარებლები.
სამომავლო ხედვა
ჩვენი სამომავლო გეგმაა ექსპორტზე გასვლა. ბევრი უცხოელი მომხმარებელი გვწერს და იწერს ჩვენს პროდუქციას, თუმცა ეს ხშირად სპონტანურად ხდება, რადგან ძირითადად თავად გვპოულობენ.
გვსურს, ჩვენი საიტის დახმარებით, მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან შეძლონ ჩვენი პროდუქციის ოფიციალურად და მარტივად გამოწერა.
